"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად ივანიშვილმა პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერზე, ირაკლი ღარიბაშვილზე და პოლიტიკიდან წასულ მამუკა მდინარაძეზე ისაუბრა.
კითხვაზე, ხომ არ ყოფილა საუბარი ირაკლი ღარიბაშვილის რაიმე ფორმით პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ, კობახიძემ აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი არ ყოფილა და საკითხი ივანიშვილმა ზოგადად შეაფასა.
"პროცესები, იცით რაც იყო, არიან, მათ შორის, ადამიანები, რომლებიც არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების მოსმენა ასეთ საკითხებთან დაკავშირებით და არსებითად ამაზე იყო საუბარი.
ჩვენთვის ყველასთვის, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია, რაც მოხდა.
როდესაც ასე ვითარდება პროცესები და გუნდის ყოფილი წევრები იხდიან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს არის, პირველ რიგში, გულსატკენი და ეს გულის ტკივილი გამოითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც. ამ საკითხზე [შეწყალებაზე] საუბარი არ ყოფილა, ძალიან ზოგადად შეეხო ბიძინა ივანიშვილი განვითარებულ პროცესებს და ზოგადი შეფასება გააკეთა ამ პროცესებთან დაკავშირებით", - თქვა კობახიძემ.
